ზურაბ ტყემალაძე: საპარტნიორო ფონდის რეფორმირება ცუდი არ იქნებოდა

.

ზურაბ ტყემალაძე: საპარტნიორო ფონდის რეფორმირება ცუდი არ იქნებოდა


„საპარტნიორო ფონდის რეფორმირება არ იქნებოდა ცუდი", - აცხადებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, რითაც მთავრობის პოზიციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ განვითარების საფინანსო კორპორაციის შექმნაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.

როგორც ტყემალაძემ განმარტა, კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე ახალი საფინანსო კორპორაციის შექმნასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მომხსენებლის შალვა თადუმაძის თხოვნით იმ მიზეზით გადაიდო, რომ საკითხზე ჯერ მთავრობის ეკონომიკურ საბჭოს უნდა ემსჯელა.

„ესაა მთავრობის ინიციატივა, მთავრობა მიიჩნევს, რომ საპარტნიორო ფონდს რეფორმირება სჭირდება. გუშინ, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მომხსენებელმა თქვა, რომ ვერ მოახერხებდა ამ საკითხის გამოტანას, იმიტომ რომ ის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე უნდა ყოფილიყო განხილული. მთავრობის პრეროგატივაა და მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოხდება თუ არა საპარტნიორო ფონდის რეფორმირება, თუმცა ჩემი აზრით, გარკვეული რეფორმირება არ იქნებოდა ცუდი", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი, შესაბამისი კვლევების დასრულებამდე, განვითარების ფინანსური კორპორაციის შექმნაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს. ჩხენკელის განცხადებით, მთავრობა ამ საკითხს ფრთხილად და დელიკატურად უდგება.

„საქართველოს მთავრობას საერთაშორიოსო სავალუტო ფონდთან აქვს შეთანხმება, რომ თუ მსგავსი ინსტიტუტი შეიქმნება, ეს მოხდება მათთან მჭიდრო კონსულტაციებით, მსოფლიო ბანკის დახმარებით და შესაბამისი კვლევების საფუძველზე, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის. შესაბამისად, ამ ეტაპზე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ცოტა ნაადრევია. მთავრობა ამ საკითხს უდგება ძალიან ფრთხილად და დელიკატურად. ჩვენი სურვილია, ყველაფერი იყოს სწორად, გამართულად და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაში", - განაცხადა რომან ჩხენკელმა.

მისივე განმარტებით, ამ პროცესის დასრულებამდე იმ ფუნქციებს, რაც განვითარების ფინანსურ კორპორაციას უნდა შეესრულებინა, საჭიროების შემთხვევაში, ნაწილობრივ „საპარტნიორო ფონდი" შეითავსებს.

განცხადება განვითარების საფინანსო კორპორაციის შექმნაზე რამდენიმე ხნის წინ გაკეთდა. თავდაპირველად საუბარი საქართველოს განვითარების ბანკის დაარსებაზე იყო, თუმცა, როგორც მოგვიანებით ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა განაცხადეს, ახალ საფინანსო ინსტიტუტს არა ბანკი, არამედ კორპორაცია ეწოდება.

წყარო: http://www.reportiori.ge/

გააზიარე

მაჟორიტარი კანდიდატები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ნახვა

გახდი მოხალისე

ჩაერთე წინასაარჩევნო კამპანიაში

გაწევრიანდი

არჩევნები 2016

სრული ინფორმაცია არჩევნებზე

ნახვა

დაგვიკავშირდით

მისამართი:
თბილისი, კოსტავას ქ. #70

ტელეფონი:
+(995 32) 2-15-99-44
+(995 32) 2-15-99-55