გოგი თოფაძე: ეკონომიკური ამნისტიით არგადამხდელს სტიმული მიეცემა

.

გოგი თოფაძე: ეკონომიკური ამნისტიით არგადამხდელს სტიმული მიეცემა
– სჭირდება თუ არა ქართულ ბიზნესს და ეკონომიკას ქვეყანაში ეკონომიკური ამნისტიის გამოცხადება და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია?

– ძალიან სამწუხაროა, მე რომ უნდა ვილაპარაკო ამნისტიის წინააღმდეგ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტის უაზრო გადაწყვეტილებებმა დაგვღალა.დაუშვებელია, რომ ეს კანონი მივიღოთ. ვიღაცა იხდის და ვიღაცას უნდა ვაპატიოთ, ეს უკვე დისბალანსს ქმნის. ანუ ჩვენ ვაძლევთ სტიმულს არგადამხდელებს, რომ არ გადაიხადონ, რადგან ოდესღაც ვიღაც აპატიებს. არ არის სწორი. მით უფრო ამის წინასწარ განცხადება დანაშაულია. ესე იგი ჩვენ ვეუბნებით: ნუ გადაიხდი! მთელი 15 წელი ვიბრძვი ამ გადასახადების წინააღმდეგ, იმდენად მიუღებელია ჩვენი საგადასახადო კოდექსი. თუმცა ახლა იძულებული ვარ ვთქვა, რომ არასწორი და დაუშვებელია. ეს ჩვენი პრეზიდენტის მორიგი დაუფიქრებელი, გაუაზრებელი განცხადებაა. მე ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, სულ ვლაპარაკობ, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს, რომ არასწორი საგადასახადო კოდექსია, ძალიან ბევრი ცოდვებია ამ კოდექსში, მაგრამ ახლა იძულებული ვარ ასეთი პოზიცია დავაფიქსირო.

– თუმცა ბიზნესი სწორად გაიგებს ახალი ხელისუფლების ამ დამოკიდებულებას?

– ეს კანონი გათვლილია იმაზე, ვინც ნომენკლატურული ბიზნესის წარმომადგენელი იყო.

– მაგალითად ვისზე?

– რატომ აპატიეს „რუსთავი 2–ს“, „პირველ არხს“ მილიონობით გადაუხდელობა. ეს ეშმაკობაა. ნებისმიერი ფორმის ბიზნესი გადასახადს უნდა იხდიდეს. დღეს პრეზიდენტს უნდა, რომ ვიღაცეებს აპატიოს. ჩვენ, არანომენკლატურულ ბიზნესმენებს არავინ არაფერს გვპატიობდა. ეს არის ძალიან გაუთვლელი და არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი. მოდით მოვთხოვოთ ყველას, გადასახადი გადაიხადოს, მაგრამ ისიც უნდა შეპირდე, რომ გადასახადი იქნება ობიექტური და გადაიხედება საგადასახადო კოდექსი. ყველა ქართველ ბიზნესმენს გული სტკივა, რომ საქართველო ამ დღეშია, რომ ბევრი პრობლემაა, რომ პენსიები არ არის. ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ მივაღწიოთ იმას, რომ საგადასახადო კოდექსი იყოს მორგებული, ნორმალური და ყოველგვარი ავანტურული გადაწყვეტილებების გარეშე. მიუღებელია, რაც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა განაცხადა.

– თუმცა, როდესაც საუბარია ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე, რამდენად სწორია, როდესაც იმის გამო, რომ ადამიანი გადასახადს არ იხდის, ის ხვდება ავტომატურად ციხეში? ამ მიმართულებით მაინც თუ არის პრეზიდენტის ინიციატივა მისაღები?

– გადასახადების დეკრიმინალიზაცია ვის ეხება? დამისახელეთ ერთი არანომენკლატურული ბიზნესის წარმომადგენელი, ვინც ამ გადასახადებს გადაურჩა. ეს გათვლილია იმათზე, რომელიც წეღან გიხსენეთ – „რუსთავი 2“, „პირველი არხი“, ვინც მილიონობით ლარი არ გადაიხადა. ეს ყველაფერი იმათ სასარგებლოდ კეთდება და არა ნორმალური, პატიოსანი ბიზნესმენისთვის. ჩვენ ყველაფერი გადაგვახდევინეს, ორმაგი, სამმაგი ოდენობით დაგვაწერეს. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენთვის მიუღებელია. დამერწმუნეთ, ასეთი გადაწყვეტილებები მომავალში ძალიან ძვირი დაუჯდება ჩვენს ბიუჯეტს. არ შეიძლება, უნდა გადავიხადოთ ის, რაც გადასახდელი იქნება, რასაც კანონი დაგვიწესებს, ოღონდ ეს უნდა იყოს ძალიან ობიექტური გადასახადი და არა ისეთი, როგორც აქამდე იყო.

– როგორ უნდა მიიღოს ბიზნესმა სარგებელი ახალი ხელისუფლების პირობებში, რა ღონისძიებები და ნაბიჯები გადაიდგმება ახალი მთავრობის მხრიდან ისეთი, რაც ბიზნესს მათ უკეთეს პირობებში ამყოფებს?

– თებერვალში ძალიან ბევრი, უფრო მნიშვნელოვანი კანონებია მისაღები (პოლიტიკური გადაწყვეტილებები). ამის შემდეგ ჩვენ მივდგებით და დავიწყებთ ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას. ანუ მივადგებით საგადასახადო კოდექსს, რომელიც დღეს მიუღებელია. ეს ალბათ დაიწყება გაზაფხულიდან, როგორც კი პოლიტიკური სიტუაცია დალაგდება. ჩვენ რა თქმა უნდა ბევრ რამეს შევცვლით. თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში განვითარდეს სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ეკონომიკა საერთოდ, ჩვენ უნდა მივიღოთ ის კანონები, რომლებიც წაადგება ქართულ მრეწველობას, ქართულ სოფლის მეურნეობას და არა ის კანონები, რომლებიც იმპორტიორებს გაახარებს საქართველოში.

წყარო: www.commersant.ge

გააზიარე



. .

მაჟორიტარი კანდიდატები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ნახვა

გახდი მოხალისე

ჩაერთე წინასაარჩევნო კამპანიაში

გაწევრიანდი

არჩევნები 2016

სრული ინფორმაცია არჩევნებზე

ნახვა

დაგვიკავშირდით

მისამართი:
თბილისი, კოსტავას ქ. #70

ტელეფონი:
+(995 32) 2-15-99-44
+(995 32) 2-15-99-55